
ბადრიმ მაშინ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა. ეს საუბარი მოისმინა ჩემმა თანამშრომელმა, - ამის შესახებ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა პოლიციელმა გიორგი ქადარიამ განაცხადა.
ქადარია, რომელიც ბადრის ესებუას დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ეს საუბარი სხვა პოლიციელმაც მოისმინა.
„ვმონაწილეობდი ბადრის დაკავების ოპერაციაში და ბადრიმ მაშინ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა. ეს საუბარი მოისმინა ჩემმა თანამშრომელმაც“, - განაცხადა გიორგი ქადარიამ.
ამ განცხადებაზე ბადრი ესებუამ აღნიშნა, რომ მოწმე იტყუება. “ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“, - უთხრა ბადრი ესებუამ პოლიციელ გიორგი ქადარიას. ამის გამო მას პროკურორმა კორექტული საუბრისკენ მოუწოდა.
პასუხად ესებუამ აღნიშნა, რომ მას არ შეუგინებია.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეჭრასა და 40-ზე მეტი მოქალაქის მძევლად აყვანას, სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარის გამოძალვას ედავებიან.
ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ესებუა 2 წლის შემდეგ, 8 თებერვალს დააკავეს.