
რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე
5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო პორტის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვთან უკვე ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმებაც. დამატებით დეტალებზე საუბრისგან ბჟანიამ თავი შეიკავა. საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი არც კრემლში გააკეთეს. მოვლენებს წინ უსწრებდა სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი, ციკლონის შემოსვლა.
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის ომის სურათის გათვალისწინებით. ბოლო ხანებში ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლის ბაზა უკრაინის მნიშვნელოვანი თავდასხმების სამიზნე ხდებოდა. პირველი მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მიადგა, სარაკეტო კრეისერი Москва-ს ჩაძირვა იყო. ეს გასული წლის აპრილში მოხდა. აღსანიშნავია, რომ გემი, როდესაც მას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, პორტში არ იდგა. უკრაინამ სევასტოპოლის საზღვაო ბაზებზე მასობრივი იერიშების მიტანა დრონებისა და უპილოტო კატერების მეშვეობით ამ წლის ზაფხულში ინტენსიურად გაზარდა, ბოლო პერიოდში კი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიწოდებული Storm Shadow / SCALP-ის ტიპის რაკეტებიც გამოიყენეს.